დიმიტრი გელოვანს უკვე თავისი ბიზნესი აქვს
დიახ, დიახ. და აღარ აინტერესებს სხვებზე მუშაობა.
დამსაქმებელი კი კვლავ მას ეძებს, ამასობაში კი კარგავს დროს, რესურსებს, შესაძლებლობებს და დიდი ალბათობით საინტერესო და მოტივირებულ კანდიდატებსაც, რომლებიც მშვენივრად გაართმევენ ამოცანას თავს.
თავისთავად, ყველა სფეროში არიან პროფესიონალები, თავისებური „დიმიტრი გელოვანები“, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან, თუ რაზე დგას წარმატება კონკრეტულ მიმართულებაში, გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, კავშირები და მხოლოდ ერთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა სჭირდებათ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.
მითების კითხვა მიყვარდა ხოლმე ადრე, ძირითადად ბერძნული, ან რომაული. იდეალური კანდიდატიც ერთგვარ მითოლოგიურ პერსონაჟად მესახება – გვჯერა, რომ ის სადღაც მაინც არსებობს და გულმოდგინედ თუ მოვძებნით, აუცილებლად ვიპოვით. და ხშირად სწორედ პირად, ან საოჯახო ბიზნესში ვპოულობთ, ან ისეთ მწვერვალებზე, საიდანაც ვაკანსიების უმეტესობა კარგად აღარ მოჩანს.
და მაინც რატომ ვეძებთ დიმიტრი გელოვანს?
საუკეთესო თანამშრომლის შერჩევისას გვჭირდება, მართლაც, ერთგვარი ყალიბი, თარგი სასურველი და სავალდებულო პარამეტრებით, რომელთა მიმართებაშიც განიხილებიან კონკრეტული კანდიდატები. რადგან თუ არ იცი რას ეძებ, როგორ იპოვი? ამ რომც იპოვო, როგორ მიხვდები, რომ იპოვე?
თუმცა როგორ შევადგენთ ამ მოთხოვნებს, რა იქნება სასურველი და სავალდებულო და საერთოდ მოთხოვნილი – აი, ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული. შეუსაბამო, ან გადაჭარბებულ კრიტერიუმებს ძიებისა და შერჩევის პროცესი მიჰყავს რეკრუტინგულ ასტრალში. შედეგად ზარალდება, რა თქმა უნდა, ისევ მაძიებელი კომპანია, რომელსაც სურს, რომ მისი საქმე საუკეთესო პროფესიონალებმა შეასრულონ და ამისთვის ზედმეტად მაღალ, ან არასწორ მოთხოვნებს აყალიბებენ კანდიდატების მიმართ.
მითოლოგიური დიმიტრი გელოვანის ძიებაში არის სხვა მანკიერი პრაქტიკებიც, როდესაც რეალურად არის სურვილი ერთმა ადამიანმა მოაგვაროს ყველა პრობლემა კომპანიაში, ან შესაბამის პირობებს არ სთავაზობენ, ან მაღალი მოთხოვნებით უფრო კომპეტენტური იმიჯის შექმნაა მიზანი, თუმცა ამჯერად ამაზე არ ვსაუბრობთ.
პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ალღო, სისხარტე, სწორი ხედვა და მიდგომა – ეს არაა დიმიტრი გელოვანის დახასიათება. ესენია საჭირო, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ კანდიდატების შერჩევისას.
მაშ, ასე ვაცხადებთ ვაკანსიას დიმიტრი გელოვანის პოზიციაზე – თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას, გამოგვეხმაურეთ…