+995 591 96 11 11
 irina@hr4b.ge

თანამდებობრივი ინსტრუქცია ანუ წესრიგი კომპანიაში

თანამდებობრივი ინსტრუქცია ანუ წესრიგი კომპანიაში

  • რა არის თანამდებობრივი ინსტრუქცია ანუ Job Description და რეალურად რად გვინდა?

სამუშაო აღწერილობები ანუ თანამდებობრივი ინსტრუქციები წარმოადგენს საყრდენს, საფუძველს, კომპანიის ადამიანური რესურსების მართვაში. ეს არის ამოსავალი წერტილი ნებისმიერი კომპანიის HR პროგრამების დაგეგმვაში, როგორიცაა ვაკანსიების განთავსება, რეკრუტინგი, შერჩევა, მოლოდინების მართვა, კომპენსაცია, ტრეინინგი და შესრულების მართვა. თანამდებობრივი ინსტრუქცია ასახავს კონკრეტული პოზიციის როლს და მისიას ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საქმიანობაში. სამუშაო აღწერილობაში წარმოდგენილია  ძირითადი ვალდებულებების ჩამონათვალი, მოთხოვნები დაა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

რა ხდება მაშინ, როდესაც კომპანიაში არ არის გაწერილი სამუშაო ინსტრუქციები? ან არის, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე და რეალურად ყოველდღიური სამუშაო პროცესი პრინციპულად განსხვავებულია?

მარტივად, რომ ვთქვათ – ქაოსი.

  • დასაქმებულმა არ იცის ზუსტად რა ევალება
  • ხელმძღვანელი ვერ იგებს რატომ არ სრულდება ამოცანები შესაბამისად, ან შეფერხების შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი?
  • დასაქმებული აფასებს საკუთარ შესრულებულ სამუშაოს კერძო, მისთვის მისაღები და კომფორტული კრიტერიუმებით, ხოლო დამსაქმებელი – თავისი გადმოსახედიდან სამართლიანი და ადეკვატურით, მაგრამ თუ ეს კრიტერიუმები არ გამომდინარეობს კონკრეტული პოზიციის რეალური სამუშაო აღწერილობიდან – მაშინ თანხვედრა არ მოხდება და ორივე მხარე, თავისთავად, რჩება წაგებული და ვერ ვითარდება. აღარაფერს ვამბობთ, რას ნიშნავს ეს კომპანიის საერთო განვითარებისა და შედეგებისათვის.
  • თანამშრომლისთვის ტრენინგის დაფინანსება ხდება არა კომპანიისა და მოცემული პოზიციის სამუშაოს შესრულებაში ხელშეწყობის საჭიროებიდან, არამედ თანამშრომლის პირადი სურვილიდან გამომდინარე
  • გასაუბრებაზე, როდესაც კანდიდატი სვამს სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ ლოგიკურ შეკითხვებს, მისი საბოლოო გადაწყვეტილება ხშირად დამოკიდებულია რამდენად ნათლად, მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად გვაქვს და, შესაბამისად, გავცემთ ამ ინფორმაციას.

რეალურად, ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც განასხვავებს „ქართული“ და „საერთაშორისო“ მენეჯმენტის მქონე კომპანიებს ერთმანეთისგან. კანდიდატი ისმენს და აფასებს, როგორი ტიპის ორგანიზაციასთან ექნება მას საქმე – მოწესრიგებულთან, სადაც მუშაობა არის კომფორტული, რადგან ამოცანები და პასუხისმგებლობები არის მკაფიო და ადეკვატური, და მას ექნება შესაძლებლობა მართოს საკუთარი შრომის შედეგი, თუ მოუწევს მოულოდნელი დავალებების შესრულება, რომლის კომპეტენცია მას არ გააჩნია, ან ერთიდაიგივე ამოცანა იქნება მიცემული მის გარდა კიდევ 5 თანამშრომელზე განსხვავებული ინსტრუქციებით და გაუგებარი პასუხისმგებლობებით (შედეგი როგორი დადგება ადვილი წარმოსადგენია). ასეთ კომპანიაში სტრესი მომდინარეობს არა შესასრულებელი ამოცანის სირთულიდან, ან სიახლიდან, არამედ შიდა ქაოსიდან.

თუმცა ასეთ ქაოსში არიან მაინც კმაყოფილი თანამშრომლები – რომლებიც სარგებლობენ შექმნილი ვითარებით, ოღონდ, რა თქმა უნდა, თავის და არა კომპანიის თუ საერთო სიკეთეების სასარგებლოდ. მათთვის მარტივია ასეთ დროს ნაკლები საქმე აკეთონ, უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა ყოველთვის სხვას დააკისრონ და დიდხანს და კომფორტულად იმუშაონ ასეთ ქაოსში, ხშირად დაწინაურდნენ კიდეც. ზარალდებიან მხოლოდ კეთილსინდისიერი მომუშავეები და, რა თქმა უნდა, კომპანიის მიზნები და შედეგები.

დასკვნა ლოგიკურია – სამუშაო აღწერილობების შექმნა / დანერგვა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში არის უმთავრესი წინაპირობა საერთო წესრიგის, ნაკლები დროითი და მატერიალური დანახარჯის, ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს შექმნისა და საერთოდ, ადამიანური რესურსების სწორი მართვის.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
591961111
Irina@hr4b.ge